ფინანსთა სამინისტრო: საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა
მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და 2014 წლის შესაბამის მონაცემებს 602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება.სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია.
საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის – 7 400 მლნ ლარის მიმართ 75,7% შეადგინა.
9 თვეში წინა წელთან შედარებით, გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, 11,2%-ით მეტი. 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 6 909,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 95,6%-ს შეადგენს.
9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა 783,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება. წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა.