თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო თხილის სექტორის განვითარების პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა თხილის მწარმოებელი ადგილობრივი ფერმერებისთვის და ამ დარგით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 12 ტრეინინგ-სემინარი ჩაატარეს მეთხილეობის დარგით დაინტერესებული ფერმერებისათვის. სემინარები საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარდა ( აჭარა – ქობულეთი; სამეგრელო – ზუგდიდი, სენაკი, ხობი; გურია- ოზურგეთი, ლანჩხუთი; იმერეთი-ჭიათურა, თერჯოლა, ზესტაფონი, ვანი, სამტრედია, ხონი).
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგ-სემინარებს 180 ფერმერი დაესწრო. საუბარი შემდეგ საკითხებს შეეხო: თხილის ბაღების გაშენება, მოსავლის აღება და პირველადი სასაქონლო დამუშავება, თხილის ბაღში ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებები, თხილის ჯიშები, სარგავი მასალის წარმოება და თხილის ბაღის სხვლა-ფორმირება.
თითოეული ტრენინგის ბოლოს, ჩატარდა ფერმერების გამოკითხვა-ტესტირება. აგრეთვე ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.