საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ოჰაიოს კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. ყურადღება ნატოს უელსის სამიტსა და არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გამახვილდა, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.
საუბარი ასევე შეეხო ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც და განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნულ სამიტზე. მხარეებმა ნატოს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მაიკლ ტერნერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.
დღეს ვაშინგტონში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სენატორებთან. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, რის შემდეგაც გაიმართება სამუშაო სადილი ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. დღის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართულ დიასპორას შეხვდება.