დავით საგანელიძე: მეამაყება, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გააკეთა
„მეამაყება, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გააკეთა“,-ამის შესახებ დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კოალიციის მიერ შესრულებული საქმეების აფიშირება არ მომხდარა, თუმცა ამ საქმეს საზოგადოება მომავალში აუცილებლად დააფასებს.
“ხელისუფლება მაშინაა ძლიერი, როცა ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. მე ვიცი ოპოზიციის ფასი. ის უნდა იყოს ძლიერი და ობიექტური. ხშირად მეკითხებიან, წავიდა თუ არა დავით საგანელიძე პოლიტიკიდან.
მინდა ვუთრხა ყველას, რომ არა. პოლიტიკა მარტო პარლამენტი და პოლიტიკური განცხადებები არ არის. კოალიცა როდესაც მოვდიოდით არჩევნებზე, მოსახლეობას ვესაუბრებოდით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ეკონომიკურ ცვლილებებზე, რასაც ჩვენი ხელისუფლება გააკეთებდა. მეამაყება, რომ ეკონომიკურმა ჯგუფმა სამი წლის განმავლობაში მართლაც ბევრი რამ გააკეთა. თუ ეს ბოლომდე არ იცის საზოგადოებამ, ეს მეორე საკითხია, რადგან ჩვენ ნაკლებად მივდევდით პიარს, რეკლამირებას, აფიშირებას, რადგან ჩვენ ვმუშაობდით. საზოგადოება ამას თავის დროზე დაინახავს და შეაფასებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მომქონდა ჩემი არგუმენტები იმისთვის, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ეკონომიკური საფინანსო ინსტიტუტი, ეს იქნება ქვეყნის განვითარების ბანკი თუ ქვეყნის განვითარების კორპორაცია, რომელიც შეძლებს შეისწავლოს ის პრიორიტეტები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება, რათა ზუსტი ფოკუსირება გააკეთოს ამ მიმართულებებზე”, – აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში მთავარ ამოცანად რჩება დასაქმების საკითხი და ამ მხრივ მთავრობა აქტიურად მუშაობს.
“უნდა შეიქმნას ის ჯგუფები, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესის წარმომადგენლებს გეგმების შესრულებაში, თანხების მოზიდვაში. რაც მთავარია სერიოზული წახალისება უნდა გაუკეთდეს საექსპორტო პოტენციალს. უნდა წაახალისდეს ის ბიზნესები, რომელიც მოსახლეობას ასაქმებს, რადგან უმუშევრობის თემა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი გვაქვს და ეს ძირითადი ამოცანაა. ეს ის გამოწვევებია, რომელიც ჩვენი გუნდის პოლიტიკაა და მე ამ პოლიტიკაში ვრჩები. იმედი მაქვს, გავა პატარა პერიოდი და შეფასდება ეს გზა”, – განაცხადა საგანელიძემ.