თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, არავის მივცე საშუალება, ევროპულ დონეზე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება

ჩემი მიზანია არავის მივცე საშუალება, ევროპულ დონეზე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება,−ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში ვიზიტის მიზნებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, გარდა ამისა, მისი მიზანია ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში.
„ჩემი მთავარი მიზანია, რომ არავის მივცე საშუალება, ევროპულ დონეზე უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება და გააკრიტიკოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში“, – დასძინა მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროსაბჭოში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან, არამედ ადმინისტრაციასთანაც – ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან.
რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტს, თეა წულუკიანის თქმით, მას კენჭს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები უყრიან და გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.
“კენჭისყრის შედეგზე ზემოქმედება არ ძალუძს არცერთი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას”, − დასძინა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია იმართება. 1-ელ ოქტომბერს ასამბლეაზე კენჭს უყრიან პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით დარღვევები ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები