სააკაშვილი კვლავ არსენ იაცენიუკს აკრიტიკებს
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებამ ტვირთების განბაჟებასთან დაკავშირებით ამ პროცესის პარალიზება გამოიწვია.
„პრემიერ-მინისტრმა იმპორტიორების ინტერესების სრული უგულვებელყოფა მოახდინა და ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით ყველა ტვირთის განბაჟება ხდება არა ფაქტობრივი, არამედ სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მიერ დადგენილი ფასით. ამის გამო ყველა საბაჟოზე ტვირთების გაფორმების პროცესი პარალიზებულია“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისივე თქმით, მთავრობის მიმართ მოთხოვნა იყო, რომ ტვირთის გაფორმება ხელშეკრულებაში ჩაწერილი ფასის მიხედვით მომხდარიყო. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფასის დადგენა ვერ ხერხდება, მაშინ შეიძლება ე.წ. სარეზერვო მეთოდის გამოყენება, რომელსაც ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაცია აწესებს. სწორედ ეს მეთოდი იყო საბაჟოზე მაქინაციების ბერკეტი, როდესაც მებაჟეს შეეძლო იმპორტიორთან ფასზე გარიგება. ამის გამო სხვადასხვა რეგიონებში განბაჟების ფასი 5-ჯერ მეტი იყო. ახლა კი მეორე პრობლემა იქმნება, როდესაც ბიზნესმენი ტვირთის განბაჟების ფასს საბაჟოზე იგებს. „მას ეუბნებიან – ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი ინვოისი, ხელშეკრულება. ჩვენ ასეთი ფასები გვაქვს“. ეს ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება“, – ამბობს სააკაშვილი. უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ იყო მიღებული, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი ოდესის საბაჟოს დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. დოკუმენტი 16 სექტემბერს იყო მიღებული და მას ოდესის გუბერნატორმა თავდაპირველად „დიდი გამარჯვება“ უწოდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი მოითხოვდა.