ანი მიროტაძე: საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით დადებით შეფასებას მიიღებს

ვფიქრობ, ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შეგვესრულებინა მეტ-ნაკლებად შესრულებულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა.
მიროტაძე ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისიების საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.
ეს უკანასკნელი კი, სავარადუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს რიგით მეოთხე ანგარიშს – სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე.
მიროტაძეს მიაჩნია, რომ რიგით მეოთხე შეფასება დადებითი იქნება. „ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული ის პერსპექტივა, რომელიც შეიძლება გვქონდეს სამომავლოდ. ვფიქრობ, ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა შეგვესრულებინა მეტ-ნაკლებად შესრულებულია, მათ შორისაა ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლოს რეფორმა და ა.შ. სხვა საკითხია, არსებობს თუ არა ხარვეზები და გამოწვევები – ალბათ, არსებობს. პოზიტიური მოლოდინები მაქვს, თუმცა ეს არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, გადაჭრით ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად გამარტივებულ სავიზო რეჟიმს მივიღებთ“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმის მიღება მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული, რადგან პროცესი მრავალმხრივია. „გამარტივებული სავიზო რეჟიმი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ერთი მხარის, ამ შემთხვევაში, საქართველოს მზაობაზე, არამედ დამოკიდებულია ბევრ პროცესზე. იმედი მაქვს, რომ მასობრივი მიგრაციის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით ლიბიიდან მიმდინარეობს, რაც, რა თქმა უნდა, ევროპას პრობლემას უქმნის, ეს პროცესი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზემოქნედებას ვერ მოახდენს. დეკემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა იმისთვის, რომ ეს პრობლემა, რაც ევროპას აქვს მოგვარდეს. შორს ვარ იმ აზრისგანაც, რომ მიგრაციის პრობლემა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, თუ ვთქვათ, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპა კიდევ ერთხელ დაფიქრდება. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მივაღწევთ ამას, რადგან ეს სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები