რიმა ბერაძე: ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ საბიუჯეტო თანხების 100 პროცენტი აითვისა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, ამავე რაიონის გამგეობის მიერ 9 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მაჟორიტარ დეპუტატს ანგარიში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ ჩააბარა.
გამგებელმა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გამგეობის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეეხო რაიონში განხორციელებულ გზების მოვლა-შეკეთებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩუღურეთის რაიონში სამუშაოები ჩატარდა 30 ქუჩაზე და 60 ეზოში. დღეისათვის სამუშაოები ორ ეზოში და ორ ქუჩაზე ჯერაც მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, რაიონში არსებული ავარიული სახლების აღდგენა-გამაგრება ჩატარდა 156 მისამართზე. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ბუხაიძის, აბაშიძის, ქვლივიძის, ქურდიანის, მნათობის ქუჩებზე, სადაც სამი ათეული წელია არაფერი გაკეთებულა.
მგზავრებისთვის მოეწყო ახალი მოსაცდელები, ახალი სპორტული მოედნები, ხოლო ძველი მოედნების რეაბილიტაცია 12 მისამართზე განხორციელდა.
გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ჩუღურეთის რაიონში არსებული სკვერების რეალიბილიტაცია განხორციელდა 24 მისამართზე, ავარიული წყალსადენ-კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა 34 მისამართზე, ხოლო ქუჩების დამაკავშირებელი კიბეების და მოაჯირების აღდგენა განხორციელდა 20 მისამართზე.
ზურაბ ჩიკვილაძის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ასევე ასახული იყო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის, სოციალურად დაუცველთათვის ინდივიდუალური გაზიფიცირების, კაპიტალური გაზსადენის ქსელის მონტაჟის, ეკლესიებისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და გამგეობის მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები.
აღინიშნა, რომ მთლიანობაში სამუშაობი მთლიანად დასრულებულია შედეგად გაკეთდა: აივანი – 8, ქანობის სახურავი – 109, დომოფონი – 1, დამაგრება – 46, კარები-ჭიშკარი – 18, კიბეები – 16, ლიფტი – 9, წინასწარი პროექტი გამაგრებისთვის – 49, სადარბაზო – 19, განათება – 2, თაღი – 6, კანალიზაცია – 36, წყალსაწრეტი -16.
რაც შეეხება საყრდენი კედლების გამაგრებას, ავარიული სახურავების შეკეთებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაგეგმილი სამუშაოს უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო მიმდინარე სამუშოები დაგეგმილ ვადებში დასრულდება.
ანგარიშის წარდგენისას, რაიონის გამგებელმა ასევე ისაუბრა, გამგეობის მიერ განხორციელებულ, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე.
ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატმა და გამგებელმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მონაცემები მიმოიხილეს.
რიმა ბერაძემ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, გამგებელს დამატებითი კითხვები დაუსვა და რაიონში არსებული მდგომარეობა კონკრეტული მისამართების მიხედვით გამოიკითხა. დეპუტატმა გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და რაიონის წინაშე ჯერ კიდევ მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად საკუთარი რეკომენდაციები წარადგინა.
„მოსალოდნელი შესრულება კარგი გვაქვს. ბიუჯეტის თანხები თითქმის 100 %-ით ათვისებულია. საუბარია გზების მოვლა-შეკეთებაზე, ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე.
გამგეობა, ჩემი აზრით, ბიუჯეტის ათვისების თვალსაზრისით კარგად მუშაობს. ერთმანეთთან უნისონში ვმუშაობთ, ერთი ხედვა გვაქვს. ყოველ კვირას, ერთდროულად, ერთსა და იგივე საკითხებს გავდივართ, თემებში რომ არ ავცდეთ ერთმანეთს და მოსახლეობის მოთხოვნა დავამაყოფილოთ.
მინდა აღვნიშნო, რომ 13 ივნისის სტიქიის გამო, რომელიც ჩვენს რაიონსაც შეეხო, 110 ობიექტის სასწრაფო რეაბილიტაცია-აღდგენა-გამაგრება გახდა საჭირო. გამგეობამ ამ გამოწვევას კარგად გაართვა თავი და ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც ჩვენს რაიონში სტიქია შეეხო ამ თვალსაზრისით კმაყოფილია. უკვე დასრულებულია გორკის ქუჩის საფარის მოწესრიგება და მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩეჩელაშვილის ქუჩას.
ჩემი მთავარი ამოცანა, ანგარიშის მოსმენის გარდა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვა იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის უფრო მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დასაგეგმად, რაიონის მოსახლეობის გამოკითხვა ჩავატარეთ და 2016 წლის ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის დასახელებული პრიორიტეტების გათვალისწინებით განვსაზღვრეთ. გავიარეთ აბსოლუტურად ყველა მუხლი, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი პრიოტიტეტი ინფრასტრუქტურა სოციალური თემებია.
ჩვენი რაიონი ძველი რაიონია და მომავალი წლიდან ჩვენ მის განახლებას ვაპირებთ. 2016 წელს ველით ახალი ინვესტორებს. თბილისის განვითარების ფონდის დახმარებით, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებას ვიწყებთ, სადაც აღსადგენი და გასაახლებელია 45 სახლი. ამავდოულად ვაცხადებთ კონკურსს ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტზე.
გარდა ამისა, 2016 წლის ოქტომბერში რაიონში გაიხსნება 350 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი და ზემო ჩუღურეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება.
დღეს, გამგეობის თანამშრომლებს ზემო ჩუღურეთში ახალი საბაშვო ბაღის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მოძიება დავავალე. მომავალ წელს, რაიონში ასევე დაიწყება ახალი მესამე საჯაროს სკოლის მშენებლობა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე ჩადებულია რაიონში მდებარე ყველა სკვერი და მიმდებარე ტერიტორია, ოთხი ცენტრალური ქუჩა, დევნილების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.
„ეს არის ჩვენი ხედვა და გეგმა, სადაც თავიდან ბოლომდე ჩვენი ამოსავალი წერტილია მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გავართმევთ თავს“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
ანგარიშის წარდგენას, გარდა მაჟორიტარი დეპუტატისა რაიონის გამგებლის მოადგილეები და გამგეობის სოციალური და ინფრასტურურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.