თბილისის საკრებულოს დეპუტატები ბრისტოლის მერს შეხვდნენ

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ბრისტოლ – თბილისის ასოციაციისა და მისი პრეზიდენტის, დერეკ პიკაპის მიწვევით ქალაქ ბრისტოლში იმყოფებიდნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დელეგაციას ასევე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, სტეფან ტომასი და მისი წევრები: ესტლერ ქელერი და ალექს ჰიუჯისი მასპინძლობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ქალაქის მერთან ჯორგ ფერგუსონთან, ასევე “დესტინეიშენ ბრისტოლის” დირექტორ ჯონ ჰირტისთან, ახალგარზდული ცენტრის დირექტორ სენდი ჰორ რუტვენთან, მერიის საცობების მართვის, სატრანსპორტო, საფინანსო და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან გაიმართა. ჯორგ ფერგუსონმა თბილისის საკრებულოს წევრებს ადგილობრივი მერიის მუშაობის სპეციფიკა და პრიორიტეტები დეტალურად გააცნო. მან დაწვრილებით ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, მუნიციპალური სერვისების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებით. ბრისტოლელმა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს, ქალაქში სატრანსპორტო კვანძების მოწესრიგებისა და საცობებისგან განტვირთვის კუთხით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.
ასევე გააცნეს ეფექტიანი სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული ღონისძიებები და ყურადღება ქალაქის საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გზებზე გაამახვილეს.
საკრებულოს დეპუტატების ბრისტოლის მერიის საფინანსო სამსახურთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალური გრანტების მოპოვება-მიღებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებულ თემებს შეეხო. თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე, ბრისტოლის კოლეჯების გაერთიანების ხელმძღვანელმა ალისტიარ ბეიკერმა ქართველი და ბრისტოლელი ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა , რომ თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების ამოქმედება მოხდება. ქართველი დეპუტატების ვიზიტი ქალაქ ბრისტოლში 24 სექტემბერს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები