გურამ ადამაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ადეიშვილის კადრები არიან

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ადეიშვილის კადრები არიან, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელმა მდივანმა გურამ ადამაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადამაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მსგავსი მიკერძოებული, არასამართლიანი და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანებისგან უნდა გათავისუფლდეს.
„პოზიციამ“ საკონსტიოტუციო სასამართლოს მოსამართლეთა წარსული საქმიანობა შეისწავლა და აღმოჩნა, რომ მათი უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ზურაბ ადეიშვილთან იყო დაკავშირებული. „საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე გახლდათ. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის კვოტით გახდა; ზურაბ ადეიშვილის კადრია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ზაზა თავაძეც. ისიც ადეიშვილის მოადგილე იყო. 2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ასევე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე; ყველასთვის კარგად ცნობილია თამაზ ცაბუტაშვილის გვარიც, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში თავისი უკანონო და დამსჯელობითი ღონისძიებებით საზოგადოებას, განსაკუთრებით კახეთის მოსახლეობას დაამახსოვრა თავი. ის კახეთის პროკურატურას ხელმძღვანელობდა. 2011 წელს კიმ მიხეილ სააკაშვილმა ამაგი დაუფასა და საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესა. მას ასევე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;
ზურაბ ადეიშვილის კადრია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავაც, რომელიც ადეიშვილის მოადგილე გახლდათ; ყველას გახსოვთ ქალბატონი ლალი ფაფიაშვილიც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ სიით პარლამენტის წევრი გახლდათ, ბურჯანაძე-სააკაშვილის დაპირისპირების შემდეგ კი ის სააკაშვილის გუნდის წევრად დარჩა და სააკაშვილისგან მადლიერების ნიშნად მოსამართლეობაც კი მიიღო; „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილიც. ის „ნაციონალური რეჟიმის“ ერთ-ერთი იდეოლოგის, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე გახლდათ“ – აღნიშნა ადამაშვილმა.
როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, მსგავსი ბიორგაფიის ადამიანები სასამართლო ხელისუფლებას არ უნდა წარმოადგენდნენ და მოსამართლის მანტიას ამოფარებულები სამართლიანობასა და კონსტიტუციის დაცვაზე არ უნდა გვმოძღვრავდნენ. გურამ ადამაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული მოსამართლეები სასამართლო სისტემაში დარჩებიან, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ ისეთი იქნება, როგორიც გიგი უგულავას საქმეზე იყო.
„შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეს გიორგი პაპუაშვილის თავმჯდომარეობით სწორედ აღნიშნული მოსამართლეები იხილავდნენ. გიორგი პაპუაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირები და მისი წარსული თუ ამჟამინდელი საქმიანობა საზოგადოებისთვის ცხადზე ცხადია“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები