საქალაქო სასამართლოს 7 მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანენ, დანარჩენ ადგილებზე კი კონკურსი გამოცხადდება

სააპელაციო სასამართლოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე 7 მოსამართლეს საქალაქო სასამართლოდან გადაიყვანენ, დარჩენილ ადგილებზე კი, კონკურსი გამოცხადდება, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაიზიარა უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ყველა ვაკანტურ ადგილზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი.
მურუსიძის განმარტებით, უკვე 4 წელია 7 მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე სააპელაციო სასამართლოში არავინ დანიშნულა, გარდა ამისა, არის სხვა შტატებიც, რომელთა სიცარიელის გამო, მისი თქმით, სააპელაციოში გაუსაძლისი მდგომარეობაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ პირველად სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეების დანიშვნა არის რთული, ამიტომ უმჯობესია, თუ 7 ადგილზე, რომელიც უკვე წლებია ვაკანტურია, მოსამართლეებს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებით შეავსებენ.
„მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს, მოსამართლეები კონკურსის წესით არჩევას ეწინააღდეგებიან, ეს დადასტურდება ძალიან მალე, როცა კონკურსი გამოცხადდება. დღეს იყო 68 შტატი თავისუფალი, სადაც უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, საბჭოს უმრავლესობამ მივიჩნიეთ, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში არის გაუსაძლისი მდგომარეობა, რადგან რამდენიმე მოსამართლეს 10-წლიანი ვადის დასრულების შემდეგ შეუწყდა უფლებამოსილება და არ გავუგრძელეთ ვადები, დადგა საჭიროება, რომ სააპელაციო სასამართლოში გაგვეკეთებინა შევსება.
თან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პირველად სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეების დანიშვნა არის რთული. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 7 შტატზე პირველი ინსტანციის სასამართლოდან გადმოყვანილნი იქნებიან მოსამართლეები, მაგრამ ამათ გარდა, ასევე, სააპელაციოში დარჩენილია ათზე მეტი შტატი, სადაც უახლოეს საბჭოს სხდომაზე, რომელიც მაქსიმუმ, ორშაბათს ჩატარდება, კონკურსი გამოცხადდეს. ჩვენ არ ვართ კონკურსის წინააღმდეგი, ეს წარმოუდგენელია. ჩვენი პოზიციაა, რომ იმ შტატებზე, რომლებზეც 4 წლის განმავლობაში სააპელაციოში მოსამართლე საერთოდ არ ინიშნებოდა, არავინ გადმოვიყვანოთ პირველი ინსტანციიდან და ცარიელ შტატებზე გამოვაცხადოთ კონკურსი.
თუ ყველა შტატზე კონკურსი გამოცხადდება იმ 7 შტატის შევსება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ გამოვიდოდა. ქალბატონმა ნინომ ეს არ მოინდომა, მაგრამ საბჭოს სხდომამ უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ 37-ე მუხლის მიხედვით მოხდება საბუთების მიღება და პირველი ინსტანციიდან სააპელაციოში გადმოყვანა და დარჩენილ ადგილებზე კონკურსი გამოცხადდება. ის მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ სურვილი, განცხადებებს შეიტანენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭო მათ განცხადებებს განიხილავს და 10 ხმით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, მათი სააპელაციოში გადაყვანა მოხდება”, – აღნიშნა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები