ტურისტული კომპანია Alltours-ის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

ტურისტული კომპანია Alltours-ის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „კვირას“ სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 182-ე მუხლით აღიძრა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ თანხის მითვისებას გულისხმობს.
„კვირა“ ტურისტულ კომპანიასაც დაუკავშირდა. Alltours-ის წარმომადგენელმა მაია მჭედლიძემ თავდაპირველად ინფორმაცია უარყო. თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მჭედლიძემ აღნიშნა, იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც თურქეთიდან საკუთარი ხარჯებით გამოფრენა მოუხდათ, კომპანია თანხებს უბრუნებს. ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს, რამდენ ადამიანს დაუბრუნდა თანხა ამ დროისთვის.
„გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაზარალებულთათვის თანხების დაბრუნება მიმდინარეობს. ამ დროისთვის თანხა ნაწილს უკვე დაუბრუნდა“, – აღნიშნა მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გაგზავნილი 150-მდე ქართველი ტურისტი სამშობლოში დაბრუნებას 2 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა და ღამის გათენება აეროპორტში უწევდათ. დამსვენებლებს შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ისინი კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. პრობლემები კი გამოფრენის დღეს შეექმნათ, როდესაც ავიაკომპანია „აირზენამ“ რეისის შესრულებაზე უარი თქვა. უარის მიზეზი ტურისტული კომპანია Alltours-ის ფულადი დავალიანება გახდა. ტურისტების ნაწილი სამშობლოში საკუთარი ხარჯებით დაბრუნდა. ნაწილის ქვეყანაში დაბრუნება კი მთავრობამ უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები