ფლობენ თუ არა საქართველოში ე.წ. ნარუშილოვკის ტალონებს მოქალაქეები და რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი

პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ტელე-ეთერში ე.წ. ნარუშილოვკის ტალონების შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
ლორთქიფანიძის თქმით, ეს არის ტალონი, რომელიც პირადად შს მინისტრის მიერ გაიცემა და კონკრეტულ პირს საგზაო მოძრაობისას განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებს. ტალონით უმეტესად სამართალდამცავები სარგებლობენ, თუმცა ლორთქიფანიძის ვარაუდით, ეს ტალონი ბევრ სხვა მოქალაქესაც გააჩნია.
ლორთქიფანიძე საკითხის შესწავლას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს.
„ნარუშილოვკის“ ტალონი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მომნიჭებელი აქტია, რომელიც გამოიცემა მინისტრის მიერ საიდუმლო რეჟიმში. ეს არის საიდუმლო ბრძანებას დაქვემდებარებული აქტის მოქმედება, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს პოლიციის შესახებ კანონის რეგულაციები, მეორე მხრივ, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის რეგულაციები. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცემული ე.წ. ნარუშილოვკის ტალონების მოსახლეობის მხრიდან მოხმარების შესახებ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გუშინ სიუჟეტი გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტალონის მოხმარება ოპერატიული მუშაკების მიერ, როდესაც ისინი ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ახორციელებენ, მაგრამ ასეთი ტალონი ჩვეულებრივი მოქალაქის ხელშიც ხვდება. ეს ხდება იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მოქალაქეს საპატრულო პოლიციასთან პრობლემები არ შეექმნას. ხდება იმისთვის, რომ ის დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდეს ნასვამ თუ სხვა ტიპის თრობის მდგომარეობაში, არ ჰქონდეს პრობლემები იმ პირობებშიც კი, როდესაც მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიცია იქნება თუ სხვა, აწარმოებენ პროფილაქტიკურ საქმიანობას გზებზე, ქუჩებზე…
ეს სერიოზულ შეკითხვებს იწვევს, რადგან ამით პოლიციის შესახებ კანონის აღსრულებას ხელი ეშლება და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქმე სხვისთვის უპირატესობის მინიჭების გზით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. მე მინდა მოვუწოდო ღარიბაშვილს, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს ამ საკითხით. საინტერესოა, რამდენი მოქალაქე სარგებლობს სრულიად არამართლზომიერად ე.წ. ნარუშილოვკის ტალონებით“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები