“მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, მსოფლიოში ასეთი მომავალი შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ერთად”

„მცირე და საშუალო სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა პროექტები, რომელთა მიზანია სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა, მიწით სარგებლობის ეფექტიანობის გაზრდა და მიწების კონსოლიდაცია. ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზანი, რომელიც მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და ინკლუზიურ ინსტიტუტებს ეხება.

“გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯარო ინსტიტუტების მიუკერძოებლობა არის უმთავრესი პრინციპები, რომლებიც განაპირობებს მთავრობის ეფექტიანობას. საქართველოში ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის კონსოლიდაციას, რომელშიც თავმოყრილი იქნება რეგულაციები ღიაობის პრინციპზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ -მინისტრის განმარტებით, ეს მიზნები კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობასაც უნდა ეხებოდეს.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, უცხო ძალის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციისა და ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის იძულებით გადაადგილების პირობებში.

მდგრადი განვითარება არის მომავლის გზა, რომელსაც ჩვენ ყველას ვუსურვებთ. ეს გზა გვთავაზობს ეკონომიკური ზრდის, სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვისა და მტკიცე მმართველობის გეგმას. მსოფლიოში ასეთი მომავალი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიქნებით ერთად. ეს არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი. ეს არის ბრძნული და სწორი გზა – ჩვენი გლობალიზებული მსოფლიო ვერ გაამართლებს, თუკი ის გამორიცხავს მილიონობით ადამიანის მონაწილეობას. საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის პარტნიორებთან, რათა მივაღწიოთ ამ მიზანს 2015 წლის შემდგომი განვითარების ამბიციური და ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მეშვეობით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები