ირაკლი ნადარეიშვილი: დაზარალებულებს 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და 2 მილიონი ღირებულების ოქროს ნაკეთობები დაუბრუნდათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დღეისათვის გამოძიებამ 20 დანაშაულებრივ ეპიზოდზე მუშაობა დაასრულა და 21 პირი დაზარალებულად ცნო.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ახალმა დეპარტამენტმა დაზარალებულებს 26 ავტომანქანა , 2 მიწის ნაკვეთი და 2 მილიონი ღირებულების ოქროს ნაკეთობები უკან დაუბრუნა.

ამასთან, როგორც მან პირდაპირ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, ახალი დეპარტამენტი იძიებს თუ რამდენად კანონიერად და კეთილსინდისიერად ფლობდნენ მოქალაქეები წართმეულ ქონებას. „დღეისათვის 20 დანაშაულებრივი ეპოიზოდია. საქმე უკვე გამოძიებულია და მხილებულია 15 საჯარო მოხელე. 21 პირია დაზარალებულად ცნობილი, რომელთაც უკვე დავუბრუნეთ ქონება და ნაწილი დაბრუნების პროცესშია. საერთო ჯამში, დაბრუნებულია 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და 48 სხვადასხვა ოქროს ნაკეთობა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარს უტოლდება. ახალი დეპარტამენტი იძიებს არამარტო ქონების უკანონო ჩამორთმევის ფაქტს, არამედ, იმას თუ რამდენად კეთილსინდისიერად ფლობდნენ ეს მოქალაქეები თავის დროზე აღნიშნულ საკუთრებას. შესაბამისად, პროცესი მოითხოვს დიდ ძალხმევას და გარკვეულწილად შრომატევად მუშაობის ჩატარებას. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება რომ მოქალაქე თავის დროზე კანონიერად ფლობდა და კეთილსინდისიერი მფლობელი იყო, რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან დიდი შანსი ანაუზღაურდეს ზიანი და დაუბრუნდეს ქონება. თუ რამდენ ასეთ ფაქტზე გავა გამოძიება ამის თქმა წინასწარ არაკორექტიულია“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იმ საჯარო მოხელეების ვინაობებიც დაასახელა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების დროს მოქალაქეებს სამართალწარმოების პროცესში ქონებას უკანონოდ ართმევდნენ. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 15 საჯარო მოხელეს შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც სახელდება. „დავით კეზერაშვილზე და კონსტანტინე არჩაიაძეზ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ საქმეებზე გამოძიების დასრულებისთანავე, მასალები დამატებითი გამნხილვისთვის სასამართლოს გადაეგზავნება. 2 პირის მიმართ შეწყვეტილია სისხლის სამართლებრივი დევნა, გარდაცვალების გამო. ხოლო დანარჩენ პირებზე გამოყენებული იქნა დისკრეცია. თუ რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები