ავღანეთში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს 29 სექტემბერს დაკრძალავენ

ავღანეთში გარდაცვლილ ჯარისკაცს, ვასილ ყულჯანიშვილს, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, რუსთავის სასაფლაოზე, ქართველი გმირების გვერდით დაკრძალავენ.
28 სექტემბერს კი, ქართველ სამხედროს რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 000 ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი, თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაღუპული პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს და რუსთავში, საკუთარ სახლში დაასვენეს.
ვასილ ყულჯანიშვილი 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები