სასჯელაღსრულების სამინისტრო მოშიმშილე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გ.ო.-ს და შ.რ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით 11 დღეა შიმშილობენ, დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ორივე მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მსჯავრდებულები შიმშლობის შეწყვეტას ხვალ გეგმავენ.
“გ.ო და შ.რ.-ს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ გამართეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მსჯავრდებულ შ.რ.-ის საქმის განხილვას 5 ოქტომბრამდე დაიწყებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.ო.-ს, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 2017 წლის 30 მარტიდან განიხილება, რადგან მსჯავრდებული 2012 წლის 3 დეკემბრამდე უკვე იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე და 187 მუხლის პირველი ნაწილით და მას დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელი 4 წლის, 11 თვის და 26 დღის სახით. გ.ო. და შ.რ. მსჯავრდებულები არიან 06.07.2012 წლის ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ყაჩაღობა).
მსჯავრდებული გ.ო. და შ.რ. 2011 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. ისინი სასჯელს ქსნის #15 დაწესებულებაში იხდიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები