დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბიზნესასოციაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. პროექტები რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული.

წარმოდგენილი იქნება შემდეგი პროექტები:იმერეთის მწვანილი – საექსპორტო კომპანია; თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო; პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი; დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება, სამკერვალო საწარმო, ტექსტილის წარმოება, კერამიკული ფილების წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო, მუყაოს ყუთების წარმოება, ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, ფოლადის მილების წარმოება, ეთერზეთების წარმოება, ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თითქმის ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ჯგუფი ახდენს ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრა სწორედ ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციის მიზნით იმართება.

სულ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დარგის 15 საწარმოს შექმნის პროექტი. პროექტების სრული საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ დოლარს შეადგენს და მათი განხორციელების შემთხვევაში უშუალოდ 1,000-ზე ადამიანის დასაქმებაა მოსალოდნელი, არაპირდაპირ დასაქმდება დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებიდან ორს უკვე გამოუჩნდა ინვესტორი. წარმოდგენილია ძალიან განსხვავებული დარგები: საშენი მასალების წარმოება, აგრო პროდუქტების გადამუშავება, ტექსტილი, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას სისტემური ხასიათი ექნება – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების ბიზნესსექტორისთვის წარდგენა მომავალში რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები