პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია საგნის გამოცდისთვის 30 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
2016 წლიდან მსურველებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ – ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ. ისინი გამოცდას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები კი გადაიხდიან 50 ლარს.
ყველა აპლიკანტს უფლება აქვს, დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად) ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. აპლიკანტმა რესურსცენტრში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ, საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები