სასაზღვრო პოლიციაში INL-ის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი ავთანდილ ბერიძე, ადმინისტრაციის უფროსი, პოლკოვნიკი გრიგოლ ბერულავა, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი მიხეილ ქავთარაძე, INL-ის მრჩეველი მაიკლ ტერნერი და კორპორაცია „ჰარისის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა სასაზღვრო პოლიციის რადიოსისტემის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები განიხილეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულმა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ გრანტის სახით გადასცა რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა: ტაქტიკური მოკლეტალღოვანი რადიოსადგურები, კავშირგაბმულობის მანქანის სადგურები, რადიოტექნიკური საშუალებების სატესტო-სადიაგნოსტიკო აპარატურა. პროექტი ასევე მოიცავდა საინსტალაციო სამუშაოებსა და კავშირგაბმულობის სპეციალისტთა სწავლებებს.
რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა გააძლიერებს საზღვრის უსაფრთხოებას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობას და საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის კომუნიკაციას, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის უფრო მაღალ დონეზე შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები