„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმმა მე-15 სამუშაო შეხვედრა გამართა

„ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმმა მეთხუთმეტე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ანალიტიკური დეპარტამენტის სამდივნომ „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტი აღწერს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას 2015 წლის ივნისის მდგომარეობით. სამოქმედო გეგმით აღებული 27 ვალდებულებიდან სრულად შესრულებულია ცხრა, უმეტესწილად შესრულდა თერთმეტი, ხოლო ნაწილობრივ − შვიდი ვალდებულება.
სამოქმედო გეგმაში არ არის არცერთი ვალდებულება, რომელიც არ შესრულდა.
ანგარიში პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გამართული განხილვების საფუძველზე მომზადდა. სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს იწურება, 28 სექტემბრის ჩათვლით კი ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, „ღია მმართველობა – საქართველოს“ სამდივნოს მიაწოდოს კომენტარები და შენიშვნები ელექტრონულ ფოსტაზე: ogpgeorgia@justice.gov.ge. სამოქმედო გეგმის შესრულების შუალედური ანგარიშის საბოლოო ვერსია „ღია მმართველობის პარტნიორობას“ 2015 წლის 30 სექტემბერს წარედგინება.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის მე-15 სამუშაო შეხვედრა USAID-ის პროექტის − „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ − მხარდაჭერით გაიმართა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP − OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 66 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი: www.my.gov.ge.

საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები