ავღანეთში დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

ავღანეთში გმირულად დაღუპულ ვასილ ყულჯანიშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოჯახმა გარდაცვლილის რუსთავში დაკრძალვა გადაწყვიტა.
“დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ, მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში”,- განაცხადა ხიდაშელმა.
რაც შეეხება დაჭრილ ქართველ სერჟანტს, რომელიც ყულჯანიშვილთან ერთად პატრულირებდა, მინისტრის ინფორმაციით, იგი უკვე სამკურნალოდ გერმანიაშია გადაყვანილი.
“მე თვითონ მას კვირას კლინიკაში მოვინახულებ. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება, ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთ, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაჰყავთ,” – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები