თბილისში კრწანისობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივითა და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 300 არაგველის მემორიალთან კრწანისის ბრძოლიდან 220 წლის გასვლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
,,კრწანისობის’’ დღესასწაულს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, ასევე დედაქალქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდნენ.
300 არაგველის სახელობის სკვერში სასულიერო პირებმა კრწანისის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
ღონისძიების დასაწყისში 300 არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ეროვნული ჰიმნის ფონზე მარადიული ცეცხლი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აანთო. კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა, მის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 300 არაგველის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება როგორც აღმოსავლეთის კარიბჭის რესტავრაცია, ასევე სამუზეუმო კომპლექსის გაშენებაც, რაც კულტურულ-ისტორიული კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას ერთ-ერთი მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის მიერ 2008 წელს გმირი არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წელს სრულიად საგვარეულო კავშირმა კრწანისობის დღესასწაული დააწესა, რის შემდეგაც 24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები