პროექტი – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო – ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმს, ახლად შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძემ და ფინანსთა სამინიტროს საფინანსო – ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა გიორგი კურტანიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქი გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება. განახლდება მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექრონულ სისტემასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში. ასევე განახლდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მუნიციპალიტეტების ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთანაა დაკავშირებული.
საბოლოო ეტაპზე მოხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების დანერგვა. აღნიშნული სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. პროექტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები