გელა ბარკალაია: სამართალი აღდგა – ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეული 10 მანქანა უკან დამიბრუნა

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეული ჩემი კუთვნილი 10 ავტომანქანა, ამ ხელისუფლების დროს დამიბრუნდა“, – ამის შესახებ „კვირას“ ბიზნესმენმა და „მათე მოტორსის“ დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ განუცხადა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს წართმეული 10 ავტომობილიდან თუნდაც ერთს როდესმე უკან დაიბრუნებდა. თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებების ორწლიანი ლოდინი გამართლდა და დღეს ათივე „ტოიოტას“ მარკის ჯიპი უკან დაუბრუნდა.
„2 წლის წინ, მთავარ პროკურატურაში განცხადება შემოვიტანე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შს სამინისტროს თანამშრომლებისგან წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ვითხოვდი. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წართმეულ 10 „ტოიოტას“ ჯიპს როდესმე დამიბრუნებდნენ. თავიდან ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებდი, დღეს პროკურატურაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ათივე ავტომობილს უკან დამიბრუნებენ. რა გინდ გასაოცარი არ უნდა იყოს, წინა მთავრობის დროს წართმეულ ქონებას დღევანდელი მთავრობა მიბრუნებს.
გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემი მანქანებით ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შს სამინისტროს, კუდ-ის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილდებოდნენ. აღდგა სამართალი, ჩემთვის ცოტა გვიან, მაგრამ მაინც აღდგა და მანქანებს ფიზიკურად უკვე დამიბრუნებენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, ვინაიდან მათი შრომისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ეს ყველაფერი.
ჩემი საქმე დროში გაიწელა, რადგან ეს დრო საგამოძიებო მოქმედებებს დასჭირდა, რომ ჩემი კუთვნილი მანქანები მოეძებნათ. პირადად ირაკლი შოთაძემ და ახალი დეპარტამენტის თანამშრომლებმა შრომატევადი საქმე განახორციელეს, რადგან ყველა მანქანა თბილისში არ იყო. სხვადასხვა რეგიონებში ჩემს მანქანებს მოძებნა და დოკუმენტურად აღრიცხვა დასჭირდა. ირაკლი შოთაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მანქანები უკან დამიბრუნდა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას გელა ბარკალაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 3 ფაქტი გახსნა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მხილებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირები. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მანქანები დაუბრუნდებათ. მათ შორის ერთ-ერთი დაზარალებული ბიზნესმენი გელა ბარკალაია იყო.
კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულ იქნა შპს „მათემოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია, რომელსაც პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გადასცეს პროკურატურის მოთხოვნა, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მას უნდა შეეძინა 10 ერთეული TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომანქანა და ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის. გელა ბარკალაია იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის ამ მოთხოვნას.
2010 წლის 27 ივლისს, გელა ბარკალაიას წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის მიერ მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისგან“ 443 223 ლარად შეიძინა 10 ერთეული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის ავტომანქანა.
აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, რომელსაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ გელა ბარკალაიას მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადასაცემი ავტომანქანების გადაფორმების საკითხების ორგანიზება უნდა მოეხდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები