რამდენი პროცენტით გაუფასურდა რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნული ვალუტა და ასრულებს თუ არა საკუთარ ვალდებულებებს ხელისუფლება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ ლარის კურსის ვარდნის მიზეზები განმარტა. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ლარის არასტაბილურობა უმეტესად შექმნილია იმ მიზეზებით, რომელთა დარეგულირებაზეც ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება.
ბუკიას თქმით, ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა ლარის კურსი, რაც შეეხება მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში იყოს საინვესტიციო გარემო, ბიზნესის ხელშეწყობა, სტაბილურობა და განცდა იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდი ეკონომიკური მდგომარეობაა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ ვალდებულებებს ზედმიწევნით კარგად ახორციელებს.
„ხელისუფლება ყველა ვალდებულებას ზედმიწევნით კარგად ახორციელებს. მაგალითად, 2014 წელს 1, 750 მილიონი ინვესტიციები შემოვიდა, ეს 400 მილიონით მეტია 2013 წელთან და 500 მილიონით მეტია, 2012 წელთან შედარებით. ცხადია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში შემოდის.
2015 წელს უკვე ქვეყანაში 530 მილიონი პირდაპირი ინვესტიციის სახით შემოვიდა, რაც მართლა უპრეცედენტო ზრდაა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5%-ია, მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანა ამ კუთხით მინუსებშიც კია წასული. რეგიონში ამ მაჩვენებლით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. ბიუჯეტის ხარჯვა თანაბრად მიმდინარეობს და ის დოლარზე არ ზემოქმედებს. ქვეყანაში არის დოლარის შემოდინების წყაროები, რომელზეც ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება, ესაა, მაგალითად, საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ წასული ადამიანების გადმორიცხვები, რომელთა შემოსავლებიც უკრაინაში, რუსეთში, საბერძნეთსა და თურქეთში მკვეთრად შემცირდა და, შესაბამისად, იკლო გადმორიცხული თანხების ოდენობამაც.
ჩვენზე ძალიან მაღალი დევალვაციაა, ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, ესენია: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი თუ სხვა. საქართველოში ლარი 38%-ით, აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტა 34%-ით, რუსეთში 108 %-ით, უკრაინაში 170%-ით, თურქეთში კი ლირა 44 %-ით გაუფასურდა. ბევრად მეტად, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებას რომ ინვესტიციები ვერ მოეზიდა, ან პრივატიზაცია ვერ მოეხდინა, ან ხელი არ შეეწყო ბიზნესისთვის, მაშინ შეიძლება ხელისუფლებას დავდოთ ბრალი, მაგრამ არის მიზეზები, რომელზეც ხელი ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.