ლია ჯახველაძე და გოჩა ბაბუნაშვილი თხინვალის მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლია ჯახველაძემ და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, გოჩა ბაბუნაშვილმა, ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად თბილისს შემოერთებული სოფელ თხინვალის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლებმა დეტალურად დაათვალიერეს ყველა ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლები, ასევე ის ადგილები, სადაც მოხდება განაშენიანება.
ლია ჯახველაძის განცხადებით, თხინვალის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია დამისამართების პრობლემა აწუხებს, რის გამოც ადგილობრივები ვერ იღებენ პირადობის მოწმობებს, უჭირთ სასწრაფო დახმარებით და სამაშველო სერვისებით სარგებლობა, მისივე თქმით, პრობლემები იქმნება სხვადასხვა კერძო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებისას, ასევე დამისამართების პრობლემის გამო ვერ ხერხდება ბავშვების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დარეგისტრირება.
„უახლოეს პერიოდში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია თხინვალის დასახლებაში არსებული თითოეული ქუჩის სიტუაციურ ნახაზს მოამზადებს და დაახლოებით ერთი თვის ვადაში სრულად მოხდება აღნიშნული დასახლების სახელდება-დამისამართება“, – განაცხადა ლია ჯახველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები