საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა

პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა.
შამანიდმა არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა ერთი წლის მუშაობის ანგარიში და გააცნო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ის პროექტებიც განიხილეს, რომლებზეც ყურადღება უმცირესობების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე გაამახვილეს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში უპრეცედენტო პროექტები განხორციელდა. სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი ეთნიკური უმცირესობებისათვის ინტეგრირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ხორციელდება პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ მეორე ეტაპი. ამ პროექტის ფარგლებში, 13 რაიონის, 56 სოფელში, 2500-მა მსმენელმა შეძლო სახელმწიფო ენის შესწავლა.
ასევე, პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა აფხაზეთის ვირტუალური არქივი. მოგეხსენებათ, სოხუმში არსებული არქივი ომის დროს განადგურდა და აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით ყველა მსურველს მიეცა საშუალება აფხაზეთის შესახებ სხვადასხვა დოკუმენტური, ვიდეო თუ ფოტო მასალების ხილვის.
შეიქმნა ოსურ-ქართული ურთიერთობების ცენტრის გახსნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც იმ პრობლემების მოგვარებას აიღებს თავის თავზე, რომელიც ოსურ თემს აწუხებს ამ ეტაპზე.
მნიშვნელოვანია ასევე, სამცხე – ჯავახეთის უნივერსიტეტის გაძლიერება, რომ ამ რეგიონიდან არ მოხდეს სტუდენტების გადინება სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა სოფიო შამანიდმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები