დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს.
ოფიციალური ინფორმაციით, დღესვე ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაიმართა.
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი – 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილი. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.
პროექტი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები