საქველმოქმედო გალა – კონცერტიდან შესული თანხით ფონდი „ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული 4 ბავშვის მკურნალობას დააფინანსებს

ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელი, მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ხელისუფლებას და საზოგადოებას მადლობას უხდის. როგორც სურგულაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს სხვადასხვა მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართული მესამე მასშტაბური საქველმოქმედო გალა – კონცერტი იყო.
ფონდ „ნატვრის ხის“ დახმარებით უკვე 12 ბავშვის სიცოცხლე გადარჩა, ამჯერად კი შემოსული თანხა 4 სხვადასხვა ბენეფიაციარის მკურნალობაზე გადანაწილდება.
„მინდა ყველა ჟურნალისტს თანადგომისთვის მადლობა ვუთხრა. მე დღეს ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელითაც, ვინაც თუნდაც ერთი ლარი გაიღო ამ ბავშვების დასახმარებლად ჩვენს ფონდში. აქ არა აქვს მნიშვნელობა თანხის ოდენობას, ყველა ადამიანი თანაბრად არის მონაწილე ამ საქმეში. მადლობა მინდა ვუთხრა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „იმედს“, მათ კომერციული ინტერესები გადადეს და გვერდში დაგვიდგნენ.
ფონდის დაარსების დღიდან, პოლიტიკური შეხედულების, ეროვნების, სარწმუნოების მიუხედავად, ყველა ერთიანდება ამ თემის გარშემო და ყველა სიხარულით აკეთებს ამ საქმეს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც აცნობიერებ, რომ იმ შენი წარმატებით შეგიძლია სხვა ადამიანს დაეხმარო. პირველი ორი ღონისძიებით 12 ბავშვს დავეხმარეთ. ახლა უკვე ვეხმარებით 4 ბავშვს. მათ აქვთ საკმაოდ მძიმე დაავადებები, მაგრამ ეს ბავშვები ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ იმ სოლიდური თანხით, რომელიც კონცერტის საშუალებით შემოვიდა.
ამ საღამოს აზერბაიჯანელებმა დაუჭირეს მხარი, მათ თავიანთი სიმფონიური ორკესტრის ორკესტრანტები გამოაგზავნეს კონცერტზე, გენერალური სპონსორი იყო „სოკარი“. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენმა პატრიარქმა სტუმრები დიდი სითბოთი და ყურადღებით მიიღო. მათ შეხვდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერის ადმინისტრაციას, კულტურის სამინისტროს, მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, რომლებიც სამივე ღონისძიებაში ჩვენს გვერდით იდგნენ. ამ ბავშვებისთვის თანხის ნაწილს სწორედ ისინი იხდიან. ჩვენ ერთობლივად ვახერხებთ, რომ ამ ბავშვების ცხოვრება შევცვალოთ. 12 ბავშვის სიცოცხლე გადარჩა“, – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.
13 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული გალა – კონცერტიდან შესული თანხა რამდენიმე ბენეფიციარზე გადანაწილდება. მათ შორის არიან: 6 თვის დავით ლომინაიშვილი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ სუნთქავს და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. 6 წლის ელენე, რომელსაც ელენთის პრობლემა აქვს, ლეიკემიით დაავადებული 2 წლის მარიამ ქველაძე,  17 წლის ირაკლი დარჩია, რომელსაც ხერხემლის ცერებრალური დამბლა აქვს და  გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს.
სურგულაძის განცხადებით, ბევრმა ორგანიზაციამ გამოთქვა თანადგომის სურვილი. ამჟამად კი მომღერალი და ფონდის ხელმძღვანელი მოლაპარაკებას აწარმოებს საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ქართველ ბავშვებს გულის ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებს.
„მე მაქვს ამჯერად კონტაქტი ორგანიზაციასთან „heart of children” (ბავშვების გული), რომელიც მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის უფასოდ აკეთებს გულის ოპერაციებს. ჩვენ ჩამოვყალიბდით, რომ ერთობლივ ღონისძიებებს ჩავატარებთ.  იტალიაში, ბერგამოსში საუკეთესო კლინიკაა, სადაც ქართველი ბავშვებისთვის გაკეთდება ოპერაციები. საზღვარგარეთ გასვლითი კონცერტები გაიმართება, რომ მსოფლიოს საზოგადოება ჩაერთოს. უახლოეს მომავალში გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებს. ასეთი სახის ღონისძიებები და ჰუმანურობა ადამიანების მიმართ არის ერთ-ერთი უპირველესი, რაც ჩვენ შეგვიყვანს ევროპაში. ქართველს ძალიან დიდი თანადგომა შეუძლია. ძალიან მაღალია სოლიდარობის შეგრძნება და პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის სიცოცხლისადმი“,- აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები