აშშ-ს ელჩი: ყულჯანიშვილის სიმამაცე ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანაუგრძნობს.
იან კელი დაჭრილ სერჟანტს გამოჯანმრთელებას უსურვებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების – ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან.
“ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით თანავუგრძნობ რიგითი ყულჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს.
სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანაშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების – ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება”, – ნათქვამია ელჩის სამძიმარში.
ავღანეთში, “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი დაიღუპა.
ამასთან, პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები