დავით ნარმანია: ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს „პანორამაზე“ არასათანადო ინფორმაცია ჰქონდათ
ვფიქრობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით არასათანადო ინფორმაცია ჰქონდათ. მზად ვართ, დაინტერესების შემთხვევაში, მათ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, როგორც კი საერთაშორისო ორგანიზაციები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ „პანორამის“ პროექტის შესახებ, დარწმუნდებიან მის აუცილებლობაში.
„ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არასათანადო ინფორმაცია მიაწოდეს. ჩვენ მზად ვართ, მათი დაინტერესების შემთხვევაში, მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი დარწმუნდნენ ამ პროექტის აუცილებლობაში. ეს არ არის პროექტი, რომელიც რამეს ვნებს, პირიქით, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა ნარმანიამ. საერთაშორისო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ორგანიზაციებმა „თბილისი-პანორამის“ პროექტთან დაკავშირებით, უარყოფითი დასკვნები დადეს.
საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, “პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელება ქალაქის ისტორიული გარემოს განადგურებას შეუწყობს ხელს.