მსოფლიო ტურიზმის გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომის მასპინძლად საქართველო შეარჩიეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 21-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
უწყების ინფორმაცით, შეხვედრა 12-17 სექტემბერს კოლუმბიის ქალაქ მედელინში გაიმართა. ღონისძიებას 120 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა. ქართული მხარე ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ.
ასამბლეის ფარგლებში საქართველომ სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრობა მეორე ვადით, 2020 წლამდე მოიპოვა. კომიტეტის წევრობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის თანამედროვე მეთოდებით წარმოების კუთხით. საქართველო ასევე შეირჩა ზემოხსენებული კომიტეტის მომდევნო შეხვედრის მასპინძელ ქვეყანად.
აღნიშნული პირველი შემთხვევაა, როდესაც ხსენებული კომიტეტის სხდომა მოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შტაბ-ბინის ფარგლებს გარეთ იმართება. ამასთან, კოსტა-რიკისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფილო ტურიზმის ოგანიზაციის გასტრონომიული ქსელის (UNWTO Gastronomy Network) ფორმატში წარადგინეს ინიციატივა, ორგანიზაციის პირველი ღვინის ტურიზმის ფორუმისა და მაღალი-რანგის შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ღონისძიება 2016 წლისათვის დაიგეგმა და მისი ჩატარების ადგილად საქართველო იქნა შერჩეული. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა საქართველოს წვლილი „აბრეშუმის გზის“ ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის კუთხითაც.
ასამბლეის მსვლელობისას საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის, დელეგაციის ხელმძღვანელმა გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა კოლუმბიის პრეზიდენტთან ბატონ ხუან მანუელ სანტოსთან, კოლუმბიის კომერციის, ინდუსტრიისა და ტურიზმის მინისტრთან და ქალაქ მედელინის მერთან. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პორტუგალიის, საფრანგეთის, მექსიკის, ირანის, ხორვატიის, არგენტინის, კორეის, იაპონიის, ჩინეთის, ავსტრიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, კოსტა-რიკის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან. ამასთან, დელეგაციამ მონაწილოება მიიღო ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.