ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ამ წუთებში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია პირველად ესწრება.
როგორც ბერაიამ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, ქართული მხარე მწვავედ დააყენებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევა, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები და მძევლების გათავისუფლება.
მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის სამი ფაქტი დაფიქსრიდა.
“დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი გვექნება, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ. ისევე, როგორც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხება, საფრენი აპარატების მიერ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების შესახებ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.