როგორია მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალი წესი და იგეგმება თუ არა ბადაშვილის ჩანაცვლება

პროკურატურის რეფორმის ფარგლებში მიღებული ახალი კანონი პრეზიდენტს უკვე ხელმოსაწერად გადაეგზავნა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა კიკნაველიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს პრემიერი ჩაენაცვლა. მასში არც საკანონდებლო ხელისუფლება, არც საზოგადოება და არც პროკურორთა კორპუსი არ მონაწილეობდა. მარტივი იყო დანიშვნაც და გათავისუფლებაც. პროკურატურის რეფორმის ფარგლებში გართულდა როგორც პროკურორის დანიშვნის, ისე მისი გათავისუფლების პროცედურები.
კანონში შესული ცვლილების მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით დანიშნავს. დეპუტატმა საბჭოს დაკომპლექტების წესები და პროცედურები დეტალურად განმარტა.
„მიღებული კანონის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპროკურორო საბჭოს. საბჭოს უმრავლესობა აირჩევა პროკურორთა კონფერენციის, მოქმედი პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ. საბჭოს 15 წევრიდან 8 წევრი პროკურატურის მოქმედ თანამშრომლებს ეყოლებათ, მაგრამ ის არ შეიძლება იყოს მაღალი რანგის პროკურორი, როგორიც არის მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, საოლქო პროკურორი და ასე შემდეგ. ხოლო თუ საბჭოს წევრობისას წევრი რომელიმე მსგავს თანამდებობას დაიკავებს, მას საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება და მის ადგილს სხვა, ახალი წევრი დაიკავებს. საბჭოს წევრია ასევე იუსტიციის მინისტრი. 2 წევრი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მიერ, აქედან ერთი უმრავლესობიდან და ერთიც უმრავლესობის მიღმა მყოფი ფრაქციებიდან და უფრაქციო დეპუტატებიდან აირჩევა, დანარჩენი წევრები კი – აკადემიური წრეებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან შეირჩევიან“,- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.
დეპუტატის განმარტებით, უშუალოდ საბჭოს მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. ამ სამი კანდიდატიდან კი პარლამენტს წარედგინება ის კანდიდატი, რომელიც საბჭოს წევრების მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერას მოიპოვებს. კანონმდებელმა რეფორმაზე საუბრისას აქცენტი პროკურატურის ანგარიშვალდებულებაზეც გააკეთა, მისი განცხადებით, კანონის თანახმად პროკურატურაზე ზედამხედველობის უფლება პარლამენტს ენიჭება. პარლამენტარებს საშუალება მიეცემათ, საჭიროების შემთხვევაში მთავარი პროკურორი საკანონმდებლო ორგანოში დაიბარონ და მისგან ინფორმაცია მიიღონ.
დეპუტატი მთავარი პროკურორის შესაძლო ჩანაცვლების საკითხსაც შეეხო, მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ხელს მოაწერს და ძალაში შევა, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და პარლამენტში წარსადგენად პროცედურები დაიწყება.
„კანონის ამოქმედების შემდეგ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და პარლამენტში წარსადგენად პროცედურები დაიწყება. პარლამენტი არის მთავარი რგოლი მთავარი პროკურორის დანიშვნის და გათავისუფლების საკითხში, შესაბამისად, პროკურატურა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება“,- აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები