საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ “კვირას” საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.
დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განიხილავენ რამდენიმე საკითხს – საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის; სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები; „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.
მომხსენებლები საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.
ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალების რაოდენობას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგენს.
საბჭოს ინფორმაციითვე, საქართველოს კონსტიტუციის 93 მუხლის მე-2 პუნქტისა და საბიუჯეტო კოდექსის მუხლი 38 ის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბერისა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები