კახეთის გუბერნატორის განცხადებით, ვენახი, სადაც ვაზი გაიჩეხა, გელა გრიშენკოს არ ეკუთვნოდა
კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, გელა გრიშენკომ ტელევიზიებთან „საკეკლუცოდ“ მხოლოდ 20 ძირი ვაზი მოჭრა. შიოლაშვილის ინფორმაციით, გელა გრიშენკო და მისი დედა ნუნუ გრიშენკო ამ აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან “ნაციონალურ მოძრაობას”.
“მას ამავე დროს აქვს ახალი გაშენებული ვაზი, დაახლოებით 2 ან 3 წლის, როგორც ადგილზე სოფლის რწმუნებულიც მეუბნება, მას სურდა ვაზის გამოხშირვა. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გელა გრიშენკო და დედამისი ნუნუ გრიშენკო ამ აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და ბატონ ღვინიაშვილს. ნუნუ გრიშენკო ჰყავდა ღვინიაშვილს წაყვანილი პარლამენტის ცნობილ სხდომაზე, როგორც მათი დიდი ქომაგი და მხარდამჭერი. ასე რომ, ეს პროცესი იყო პოლიტიზებული”, – განაცხადა შიოლაშვილმა.
მისივე თქმით, ვენახი, სადაც გრიშენკომ ვაზი გაჩეხა, მას არ ეკუთვნოდა.
“ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც ვაზი იყო გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის გოდერძი დომენჭაშვილს, რომელსაც ადრეული ჯიშის 25 მეასედი ვაზი ჰქონდა. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს, შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი დღეს გაიჩეხა და ეს ვაზი გაიჩეხა იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.