თბილისში „მის ჩინეთის“ ნახევარფინალი გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ თანასპონსორობით, საქართველოში „მის ჩინეთის“ ნახევარფინალი გაიმართა. ცერემონია რესტორან ,,ქართულ სახლში“ ჩატარდა, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გადაწვეტილება ჩინეთში მიიღო და თბილისში ჩატარებული ნახევარფინალის ღონისძიებაზე გაახმოვანა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 12 მონაწილე გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებმა ორიგინალური ხერხით შეიტყვეს – ქართულ სუფრასთან მსხდომ გოგონებს თავდახურული ჭურჭლები დაურიგეს, 12 იღბლიან მონაწილეს ქართული ტკბილეული – ფელამუში შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარფინალში მოხვდნენ. 4 აუტსაიდერი კი ჭურჭელში მოთავსებული სამკაულით დაკმაყოფილდა.
ეკონოკისისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს 6 არხი, ევროპის ქვეყნებშიც მაუწყებლობს და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი Miss Chinese Cosmos Pageant, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).
12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.
როგორც უწყებამ „კვირას“ აცნობა, ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ საქართველოს ავთენტური და სრულიად უნიკალური კულტურა, მათ შორის – ეროვნული ფოლკლორი, თექაზე მუშაობა, ღვინის მომზადების ტექნოლოგია.
კონკურსანტებს ქართული ცეკვის დადგმაში „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლმი“ დაეხმარა. კონკურსის მონაწილეებთან ერთად ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.
თექის დამზადების ტექნოლოგიას კონკურსის მონაწილეები სიღნაღში არსებულ „ნუკრიანის საამქროში“ გაეცნენ. კონკურსანტებმა ყვარელში ტურისტულ კომპლექს „მეღვინეობა ხარებაში“ ყურძენი დაკრიფეს და ღვინოც დაწურეს. ასევე ამოავლეს ჩურჩხელა, ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით.
კონკურსის მონაწილეები ასევე ბათუმს ეწვივნენ, სადაც მათ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა, აკა ნანიტაშვილმა “Miss Chinese Cosmos Pageant”-ის თექვსმეტივე მონაწილეს უსასყიდლოდ გადასცა კაბები, რომლითაც კონკურსანტები ნახევარფინალის მსვლელობისას წარდგებიან.
ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ამ ღონისძიების სათანადო დონეზე განხორციელება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ვიზიტორების მატებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები