პრეზიდენტი მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.
როგორც აბაშიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არასწორია.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, რათა კონსტიტუციური ინსტიტუტის – ეროვნული ბანკის დასუსტება და დანაწევრება არ მომხდარიყო.
„საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გააკეთეს მაქსიმუმი, იმისათვის, რათა არ მომხდარიყო, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის შესუსტება და დანაწევრება. ვინაიდან აღნიშნული მცდარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ახლა საჭიროა საქართველოს მთავრობის ეროვნული ბანკის და ახალად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, იმისათვის, რათა საზოგადოებამ ვალუტის კურსიდან გამომდინარე, შემდგომი დანაკარგები თავიდან აიცილოს. ვეტოს დაძლევის შემდეგ, მმართველი გუნდის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე განმარტებით, კანონთან და ვეტოსთან დაკავშირებით ერთადერთი მოტივი დარჩა, რაც პრეზიდენტთან დაკავშირებული კონსტიტუციური ინსტიტუტების ფუნქციების შესუსტებას უკავშირდება. „სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკის ქვეშ დაყენების ხარჯზე კეთდება. დაშვებული შეცდომების მიუხედავად, პირველ რიგში, სავალდებულოა გათვალისწინებულ იქნას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამის ინსტიტუტებს კოორდინირებული მუშაობისა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.