აშშ-ში პრემიერის და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ცალ-ცალკე დელეგაციები გაემგზავრებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაცია გაემგზავრება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს 25 სექტემბერს ეწვევა, გიორგი მარგველაშვილი კი, 27 სექტემბერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწრება, 1-ელ ოქტომბერს კი, სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა, ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ვიზიტის ზუსტი პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პრეზიდენტი კი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს ეწვევა. უფრო კონკრეტულად, გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში, დისკუსიაში – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი: ქალთა როლის გაძლიერება” მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მიიწვია.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას უკრაინელ კოლეგასთან, პეტრო პოროშენკოსთან გამართავს. ორმხრივი შეხვედრები და საჯარო გამოსვლებია დაგეგმილი დედაქალაქ ვაშინგტონშიც, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი ვუდროუ ვილსონის სახელობის ცენტრს ესტუმრება.
ორივე ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები