საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საკონსულო მომსახურების მიღების განაცხადი სახლიდან გაუსვლელად გააკეთონ

საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თბილისის ოფისის მიერ სპეციალურად საქართველოსათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ვლადიმერ გურგენიძე და გიგი გიგიაძე, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) მისიის ხელმძღვანელი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე (ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი), ასევე, ჩეხეთის და პოლონეთის ელჩები საქართველოში.
აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, რომლის ფარგლებშიც პროგრამული უზრუნველყოფა სამი ძირითადი მიმართულებით შეიქმნა. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით http://www.geoconsul.gov.ge ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად დააყენონ განაცხადი საკონსულო მომსახურების მიღების მიზნით, რაც მათ საშუალებას აძლევს, ელექტრონულად წარადგინონ მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტები, რომელთა განხილვაც მოხდება წინასწარ. ვებგვერდზე შესაძლებელია სრული ინფორმაციის მოძიება საკონსულო მომსახურებებზე და მათი მიღების პროცედურებზე, რაც ხაზს უსვამს საკონსულო მომსახურების პროცესის სრულ გამჭირვალობას.
პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა საკონსულო ფუნქციების განსახორციელებლად, რომლის მეშვეობითაც ყველა საკონსულო ფუნქცია ხორციელდება ელექტრონულ ფორმატში. პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ფარგლებში ამოქმედდა რეადმისიის საქმეების მართვის სისტემა, რაც არის სრულიად ახალი და უპრეცედენტო მიდგომა რეადმისიის პროცესისადმი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად, სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოთ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ და ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმებების წარმატებულ იმპლემენტაციას მიიჩნევს. რეადმისიის ელექტრონული სისტემაც ამ მიზანს ემსახურება. მასში ჩართულნი არიან საქართველოს საგარეო, შინაგან და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები. ასევე პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ესპანეთის, საბერძნეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის მიგრაციის სამსახურები. უახლოეს მომავალში პროგრამაში ჩაერთვებიან იტალია, ირლანდია და ჩეხეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები