თამაზ მეჭიაური: რამდენიმე საათიანი ზეიმი, რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ეხმაურება. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილების არსს არ ცვლის, რადგან თუ უნდა მიუსაჯოს სასამართლომ, მაინც მიუსჯის, ის თავისუფალი შეხვდება განაჩენს, თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
„რამდენიმე საათიანი ზეიმი, რომელიც მოიწყვეს ჩვენმა ოპონენტებმა, დარჩება რამდენიმე საათიან ზეიმად. ეს არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებისას არსს, თუ უნდა მიუსაჯოს, სასამართლო მაინც მიუსჯის, ის თავისუფალი შეხვდება განაჩენს, თუ წინასწარ პატიმრობაში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“,- განაცხადა მეჭიაურმა.
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 15 – თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები