„ისინი სათავისოდ იყენებენ ყველაფერს და თავის თავს ირჩევენ ყრილობაზე“

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს.
როგორც კვარაცხელია აცხადებს, გადაწყვეტილებით, რომლითაც 24 გუნდს ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ ის ყველაფერს სათავისოდ იყენებს.
„სხდომამ ნათლად დაამტკიცა, რომ ეს არის არა აღმასკომი, არამედ ქართული ფეხბურთის დაღმასკომი. ისინი სათავისოდ იყენებენ ყველაფერს და თავის თავს ირჩევენ ყრილობაზე. მაგრამ პირობას გაძლევთ, წელს აუცილებლად შეიცვლება ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაწევრიანების მსურველი გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას განცხადებით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება.
„აღმასკომმა იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 24 გუნდის მიერ წარმოდგენილი საბუთები ტექნიკურად სრულყოფილი არ იყო. ვერცერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. გუნდების ფედერაციაში გაწევრიანებაზე რიგგარეშე ყრილობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება“, – განაცხადა ფირცხალავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები