ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ინფრასტრუქტურისა და მონიტორინგის განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად თავდაპირველად დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში იმყოფებოდა.
დიდი დიღმის პირველ მიკრორაიონში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებასთან მისასვლელი გზა ძველი საფარისგან გაიწმინდა და ახლა იქ მოასფალტების წინა სამუშაოები მიმდინარეობს.
გზა იხრეშება სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე. ეს სოფლის ცენტრალური გზის ალტერნატიული გზაა და მისი კეთილმოწყობის თხოვნით გამგეობას თავად მოსახლეობამ მიმართა. აქ ასფალტი სულ 8050 მ2-ზე დაიგება. პროექტის ღირებულება 503,169 ლარია.
ასფალტის საფარი უკვე დაიგო ე.წ. გიორგიწმინდის უბანში, დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევიდან მაჭავარიანის ქუჩამდე.
საბურთალოს გამგეობა სანიაღვრე არხების პროექტებსაც აფინანსებს. საბურთალოს ცენტრალურ უბანში, მიცკევიჩის N10-ში სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად არხი უკვე გაითხარა და ახლა იქ მილების მონტაჟი მიმდინარეობს. ამ მისამართზე ეზო იზოლირებულია ავტოფარეხებით, რის გამოც აქ წვიმიან ამინდებში წყალი გროვდება და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორება. ქსელის მოწყობის შემდეგ კი მოსახლეობას ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს.
ანალოგიური პრობლემა ჰქონდა ტაშკენტის პირველ შესახვევში მცხოვრებ მოსახლეობას. ჭარბი ნალექის დროს მოვარდნილი წყალი პირველ სართულებზე ვარდებოდა და მოსახლეობას საცხოვრებელ ბინებს უზიანებდა. ამ დროისათვის აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე მილები დამონტაჟებულია და არხის ამოვსება მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგებელმა დღეს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტებიც მოინახულა. კოსტავას N63-ის საძირკვლიდან შლამის გამოტანა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ჩიქოვანის ქუჩაზეც, სადაც საძირკვლიდან შლამისა და ნაშალი მასალის გამოსატანად შენობის სარდაფები გაიხსნა და იქ მძიმე ტექნიკა მუშაობს. ორივე მისამართზე საბურთალოს რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებით, სკვერები, სათამაშო და სპორტული მოედნები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები