„ჩინეთს თავისუფლად შემოაქვს საქონელი ბაზარზე, გვინდა, რომ ქართველ მეწარმეებსაც გავუხსნათ ჩინური ბაზარი“

ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კურის დინამიკის შესახებ ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, ყველა მაკროეკონომიკული პრობლემა ამ დრომდე რჩება, ესენია: ექსპორტის და ინვესტიციების ნაკლებობა, ტრანსფერების და კრედიტების სიმცირე.
„ბოლო ორი წელია რაიმე ახალი ტრანში არცერთ ჩვენს დონორ ორგანიზაციას არ გამოუყვია. აქედან გამომდინარე, სავალუტო ნაკადი შემცირებულია და, ბუნებრივია, რომ ლარის კურსზე სერიოზული ზეწოლაა. ამას ემატება პანიკური აჟიოტაჟი, რაც ლარის ირგვლივ ხდება და ეროვნული ბანკის ინერტულობა. ის მაისის შემდგომ სავალუტო კურსის ფორმირებაში ფაქტობრივად არ ჩარეულა. ჩვენი ერთადერთი საშუალება და მოკლე ვადაში გამოსავალი არის ინვესტიციები. მთავრობა ცდილობს, ამ კუთხით ახალი, აზიურ-ჩინური მიმართულება მოძებნოს. აქ რამდენიმე საინტერესო მომენტია, ე.წ. ახალი მსოფლიო ბანკის მშენებლობა, რომელსაც აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი ჰქვია და ფაქტია, რომ ერთ-ერთი სერიოზული დონორი ორგანიზაცია იქნება.
მეორე მხრივ, აქ იგულისხმება ის, რომ ჩინეთის მხრიდან არის მზადყოფნა, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ჩვენ ამჟამად ფაქტობრივად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ცალმხრივად ვამყოფებთ. ჩინეთს, რომელსაც თავისუფლად, ხშირად დაუბეგრავადაც კი შემოაქვს საქონელი ბაზარზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ექსპორტიორებს ანალოგიური რეჟიმი შევუქმნათ და ქართველ მეწარმეებს გავუხსნათ ის ბაზარი, რასაც მსოფლიოში ნატრობენ“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები