საკრებულოში სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

დაპირისპირება მოხდა საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე, სადაც თამარაშვილის ქუჩის N13 – ში დაგეგმილი მშენებარე პროექტების განხილვა მიმდინარეობდა.

სხდომაზე, დეპუტატებმა თამარაშვილის ქუჩის N13-ში იპოდრომთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი განიხილეს. შეხვედრას, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ასევე სამშენებლო კომპანიების “არქი ჯგუფის”, “დომუსის” წარმომადგენლები, არქიტექტორები და თამარაშვილის ქუჩის N13-ის საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
სიტყვიერი შეურაცხყოფა დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელსა და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებს შორის მოხდა, რაც სხდომის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„გავაკეთეთ ამხელა ინვესტიციები, გამოდის, რომ ეს არის ბიზნესზე შეფურთხება და იმის თქმა, რომ არ გააკეთოთ ბიზნესი და არ განავითაროთ ეკონომიკა და კურსი ასწიეთ“, – განაცხადა „არქი ჯგუფის“ წარმომადგენელმა ილია წულაიამ, რის შემდეგაც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებს ნოდარ ჩხოლარიას მიაყენა.
თავად ჩხოლარიამ, სხდომის შემდეგ წულაიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. თუმცა, ბოდიშის ნაცვლად ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ჩხოლარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მერიას და საკრებულოს უფლება არ აქვს 7- სართულიანი შენობის მშენებლობისას, 3-ჯერ მეტი სიმაღლის შენობის აშენების ნებართვა გასცენ.
„ჩვენ ვითხოვთ, როდესაც 7 -სართულიანი კორპუსი აშენდება, არ შეიძლება ვინმემ, ან მერიამ, ან საკრებულომ დაუმტკიცოს შენობის 3-ჯერ მეტი სიმაღლეში გაშვება. ჩვენ ვითხოვდით, რომ ხეები არ უნდა გაჩეხილიყო. მოიჭრა 12 ხე, დამნაშავე კი დღემდე არ არის. მოიჭრა 25 ხე, დამნაშავე დღემდე არ არის. აი, ასე არის ერთი წელიწადია“, – განაცხადა ნოდარ ჩხოლარიამ.
ცნობისთვის, საკრებულოს სხდომაზე 70 მილიონი ლარის 6 სხვადასვა პროექტი განიხილებოდა, რომლის მიხედვით, თამარაშვილის ქუჩის N 13 -ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები