პიტერ როსკამი: რუსეთს 100- პროცენტიან პასუხისმგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება

რუსეთს 100-პროცენტიან პასუხისმგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი, პიტერ როსკამი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.
როსკამი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ საქართველო, თავისი მონდომებით და სურვილით ბევრს მიაღწევს.
“საქართველო ძალიან რთულ გარემოშია, მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის. ის, რომ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ამერიკაშიც ყოველდღე ასეა, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად გავიგეთ იქ რაც ხდებოდა და რამდენად საჭიროა კომპრომისი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პარტნიორობაა, თუმცა მე მინდა, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ვიცი, საქართველო, თავისი მონდომებით და სურვილით ბევრს მიაღწევს და ეს ახლაც დავინახე, როცა ყველას ასეთი ოპტიმიზმი ვიგრძენი,” – აცხადებს კონგრესმენი და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის “დემოკრატიის პარტნიორობის კომისიის” რესპუბლიკელი თავმჯდომარე.
მისი აზრით, რეგიონში მზარდი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინასა და საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო. “რუსეთს 100- პროცენტიან პასუხისმგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება. მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან და ვნახე, როგორი დანაწევრებული, განადგურებულია ქართული სოფლები. ეს არის საქართველოს ოკუპაციის მაგალითი და პრეზიდენტ პუტინის ცინიკური, აგრესიული ქმედება. მე ძალიან შეწუხებული დავბრუნდი. რუსულ მხარეს კი მდგომარეობისთვის სრულ პასუხისმგებლობას ვანიჭებ”, – აცხადებს პიტერ როსკამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები