გიორგი ალიბეგაშვილი კრინიცა-ზდრუის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში გამართულ საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით წარდგა.
ფორუმი რამდენიმე თემას მოიცავდა, რაც კულტურული სამრეწველო სექტორის მიერ პროდუქციისა და ტურისტული სექტორებისთვის, ასევე ბიზნესის მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდებას გულისხმობდა.
აღნიშნული ფორუმი 20 წელია იმართება და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერების უდიდეს და ყველაზე მნიშვნელოვან თავშეყრის ადგილად ჩამოყალიბდა.
საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ ტატრას სამთო კურორტების საბჭოს თავმჯდომარე- ბოჰუს ჰილვატი, ასევე ქალაქების იასისა და მიუზინას მერები მიჰაი ჩირიკა და იან გოლბა, რომლებმაც საკუთარი ქვეყნების პროდუქცია წარმოადგინეს.
გიორგი ალიბეგაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე თემით ,,შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები – რა გავლენას ახდენს ტურიზმზე შემოქმედებითი ინდუსტრიები“ წარდგა.
მან საქართველოსა და მისი დედაქალაქის ისტორიაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს ქართულ ხალხური რეწვის, ქართული ღვინისა და ქართული ყველის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააცნო.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისის თვითმმართველობა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, დედაქალაქის მერიასთან, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან და სხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ხალხური რეწვის დარგის განვითარებას.
გიორგი ალიბეგაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. კულტურული მეწარმეობის ინსტიტუციონალური სისტემის სრულყოფისა და ტრადიციული რეწვის, როგორც კულტურული მეწარმეობის სფეროს ეკონომიკურად მდგრადი საფუძვლების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, კულტურული მეწარმეობის სექტორში სამუშაო ადგილებისა და დასაქმების გაზრდა, აღნიშნულ დარგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რაც საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მოხსენების დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა ფორუმის მონაწილეები საქართველოში დაპატიჟა. გიორგი ალიბეგაშვილი პოლონეთში საკრებულოს დეპუტატებთან: დავით უთმელიძესთან, იოსებ მანჯავიძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, 7 სექტემბერს გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, კრაკოვის ვიცე-მერს შეხვდნენ, სადაც ურბანული დაგეგმარების, ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ტურიზმის თემები განიხილეს.