“სია, რომელიც ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა, ამომწურავი არ არის“

  საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, სია, რომელიც დღეს ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა, ამომწურავი არ არის.
როგორც ბესელიამ გადაცემაში “რეაქცია“ განაცხადა, არსებობს დამატებითი ჩამონათვალი ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც აგვისტოს ომის პერიოდში ქვეყანა დატოვეს.
“ყოფილი ხელისუფლების პერიოდში თანამდებობებზე მყოფი ძალიან ბევრი ადამიანი ფიქსირდებოდა, რომლებიც ომის პერიოდში ქვეყნის ტერიტორიიდან გადიოდნენ და შემოდიოდნენ. ის სია, რაც დღეს ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა, ამომწურავი არ არის, კიდევ არის ჩამონათვალი. ჩვენ, ბუნებრივია, ვიცავთ იმას, რაც პერსონალური ინფორმაციაა, განსაკუთრებით, როცა საქმე ოჯახის წევრებს ეხება. თუ ამ თემას მივყვებით, ძალიან ბევრ არასასურველ ფაქტთან მივალთ და გავიხსენებ, როგორ იდგა ,,წითელ ხიდთან” ცოცხალი რიგი იმ ადამიანებისა, ვინც, ჩემი აზრით, ქვეყანაში უნდა ყოფილიყო. ეს სია უკვე არსებობს .პარლამენტში შექმნილი იყო საგამოძიებო კომისია პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით და მისთვის გადაცემულ დოკუმენტებში არის მიწერ-მოწერა, მათ შორის ძალიან ბევრი იმ ადამიანის განმარტებაა, რომელიც ამ სიაში მოხვდა. მათი ნაწილი განმარტავს, თუ რის გამო მოუხდათ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები