“პარლამენტმა გადაწყვეტილება კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მიიღოს“

  პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს მთავრი პროკურატურის მიერ როლანდ ახლაიას შესახებ გაკეთებული მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.
“წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ 2004 წლამდე საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ პარლამენტის წინასწარი თანხმობა იყო საჭირო პარლამენტის წევრის დაკავებისთვის, დაპატიმრებისთვის, მისი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისთვის. ასევე, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის. 2004 წლის გაზაფხულზე კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, და კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა პარლამენტის წინასწარი ნებართვის საჭიროება დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. დარჩა თანხმობის საჭიროება ჩხრეკისა და დაკავებისთვის“-განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ეს იყო მაშინდელი პარლამენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ნაბიჯი იქითკენ, რომ პარლამენტის წევრები ყოფილიყვნენ ზედმეტად ჩუმნი და სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის პარლამენტის ნებართვა საჭირო არ ყოფილიყო.
“ შემდგომ ეს საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სათანადოდ არ აისახა და ამოღებული იქნა პროკურორის ვალდებულება, პარლამენტში გამოეგზავნა მსგავსი წერილი. წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს, საპროცესო კოდექსში უკან დაბრუნდა ნორმა, რომ პარლამენტმა გასცეს ნებართვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. ხოლო კონსტიტუციაში რჩება ის ცვლილებები, რაც 2004 წელს მიიღეს. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონი და ასევე კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებას, თუ როგორ უნდა განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. ამიტომ იურისტთა ჯგუფი და შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები, იმუშავებენ საკითხზე და ორშაბათს საზოგადოებას ვამცნობთ, რა გზას დავადგებით, რომ არ დაირღვეს კონსტიტუცია, არ შეჩერდეს მართლმსაჯულება და არ დაირღვეს არავის უფლება, ვისაც ეს უფლება კონსტიტუციით აქვს გარანტირებული”, განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები